ყველაზე არაეფექტური საწარმო, ის საწარმოა, სადაც ყველა დანადგარი და პერსონალი სრული დატვირტვით მუშაობს… კი, არა-ინტუიციურია. გაჩერებული დანადგარი, ან კადრი წესით რესურსების არაეფექტურ გამოყენებას უნდა ნიშნავდეს… მაგრამ როგორც მრავალგზის გამოცდილი შეზღუდვების თეორია (Theory of Constraints -ToC) ამბობს, სინამდვილე საპირისპიროა…

ToC საოპერაციო მენეჯმენტის ყველა აკადემიურ ლიტერატურაშია მოცემული, მაგრამ მე მომეწონა ბიზნეს ნოველა The Goal, by Eliyahu M. Goldratt. აქ პრაქტიკული თვალსაზრისით აღიქმება ძირითადი გამოწვევებიც და გადაჭრის გზებიც.

თეორია აყალიბებს 3 ძირითად ინდიკატორს, რომლითაც საწარმოო ბიზნესი უნდა შეფასდეს, და რომელთა გაუმჯობესებაზე ფოკუსირება, ქმნის ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლებს. მაჩვენებლები ტერმინოლოგიურად ტრადიციულია, მაგრამ განსხვავებული მუღამებით:

  1. გამოსავლიანობა (Throughput) – სიჩქარე, რომლითაც სისტემა გაყიდვების გზით აგენერირებს ფულს – [გაყიდვებს – ნედლეულის ხარჯი] / დღე
  2. მარაგები (Inventory) – ფული, რომელიც ინვესტირებულია ნედლეულის შესყიდვებში, ანუ ფული რომელიც გაჩერებულია სისტემაში;
  3. ოპერაციული ხარჯები (Operating Expense) – ფული, რომელიც იხარჯება “მარაგების” “გამოსავლიანობად” გადაქცევაში.

ეს სამი მაჩვენებელი ეყრდნობა იმის გააზრებას რომ ბიზნესის მიზანი ღირებულების შექმნაა, რომელიც იზომება მის მიერ გენერირებული ფულით (Cash is the King). მენეჯმენტის მიზანი არ არის ხარჯების შემცირება, გაყდვების გაზრდა, ბევრის წარმოება, ხალხის დასაქმება ან კიდევ სხვა რამ… საწარმო არსებობს იმ მიზნით რომ აწარმოოს ფული…

Throughput-ის მაქსიმიზაცია გულისხმობს რომ მენეჯმენტი უნდა შეეშვას ლოკალური ეფექტიანობის ამაღლებას, და იზრუნოს სისტემის ჯამურ ეფექტიანობაზე (პრაქტიკაში კი ხშირად საპირისპირო ხდება). ჯამური ეფექტიანობა გადის სისტემის ე.წ. bottleneck-ზე, – ჯაჭვის ყველაზე სუსტ რგოლზე, იქ სადაც საცობი იქმნება.

ყველა ოპტიმიზაცია, ყველა ახალი დანადგარი, ყველა ახალი პროფესიონალი, ყველა გაზრდილი სიმძლავრე რაც “საცობის” მიღმა ხდება წყალში გადაყრილი რესურსია… ასეთი გადაწყვეტილებები, ერთის მხრივ ვერ ზრდიან გაყიდვებს, რადგან არ იზრდება საბოლოო პროდუქტის წარმოების სიჩქარე, და მეორეს მხრივ იწვევენ მარაგების დაგროვებას ნახევარფაბრიკატებში (Work in Progress).

ამიტომ წარმატებული მენეჯმენტის მთელი არსი მდგომარეობს საცობებზე ფოკუსირებით, ცვალებად მოთხოვნაზე ადაპტაციაში. საჭიროა ერთის მხრივ საცობში ნაკადის შეუჩერებელი დენადობის უზრუნველყოფა (bottleneck-ის წინ ნედლეულისა და დროის ბუფერების შექმნით), მეორეს მხრივ სხვა საწარმოო პროცესების სიქრონიზაცია ზედმეტი წარმოებისა და მარაგების თავიდან ასაცილებლად.

მთელი ეს lean, Just-in-time, Kanban, Drum-Buffer-Rope – სისტემები ერთ ფუნდამენტურ იდეას ეყრდნობა, სხვადასხვა გარემოებრივ სპეციფიკებში:

ამ თემაზე Eliyahu M. Goldratt-ის ძალიან კარგი სტატია (ფორდის, ტოიოტასა და ჰიტაჩის მიდგომებზე):

Standing on the Shoulders of Giants – Production concepts versus production applications The Hitachi Tool Engineering example

ახლა იმის შესახებ თუ მარაგებში, რატომ არ შედის პირდაპირი შრომითი და წარმოების სხვა დანახარჯები, და რატომ განიხილება ასეთი ხარჯები საოპერაციო ხარჯებად?

პასუხი ასეთია:

პირდაპირი საწარმოო ხარჯების კაპიტალიზაცია მარაგებში ქმნის მოგების ილუზიას ფინანსურ ანგარიშებში. ToC-ი ამბობს რომ ასეთი მიდგომა ასტიმულირებს არასაჭირო ნახევარფაბრიკატების წარმოებას… მენეჯმენტს უნდა ესმოდეს, რომ წინასწარი წარმოება მომავლისთვის ფულის უპროცენტოდ მისესხებას ნიშნავს… მენეჯმენტმა უნდა დაინახოს რომ ასეთი არასაჭირო მარაგი სინამდვილეში ვალდებულებაა და არა აქტივი…

რა ხდება მაშინ როცა საწარმოო ჯაჭვის ყველაზე სუსტი რგოლის სიმძლავრე, ბაზრის მოთხოვნას აღემატება? ანუ არ გვაქვს ფაქტობრივი Bottleneck-ი?

ხშირად ხდება როცა საწარმოო სიმძლავრეები იზრდება ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში, რეცესიისას კი ვდგებით ჭარბი სიმძლავრის პრობლემის წინაშე. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს სისტემის გარე არსებულ Bottleneck-თან, და შესაბამისად ფოკუსირებაც გარეთ უნდა მოხდეს…. გაყიდვებზე, მარკეტინგზე, ზღვრულ ფასწარმოქმნაზე, ახალ ბაზრებზე…

და ბოლოს,

საწარმოო ბიზნესის მართვისას ყველა მნშვნელოვანი გადაწყვეტილება განხილული უნდა იქნას ზომოთ მოცემული სამივე მაჩვენებლის ცვლლების ჭრილში… ერთი მაჩვენებლის გაუმჯობესება არ უნდა იყოს მიღებული გაუმჯობესებად… საწარმოო ხარჯების შემცირება, არაფრის მომცემია თუ იზრდება მარაგები, ან მარაგების შემცირება არაფერს გვაძლევს თუ ამით ხელი ეშლება გაყიდვებს. მხოლოდ სამივე მაჩვენებლის კომბინაციით მიღებული შედეგი არის შედეგი…

მოსაზრებების წყარო:

The Goal by Eliyahu Goldratt & Jeff Cox