თუ აიფონის წარმოება ჩინეთში საშუალოდ 7$-ით იაფი ჯდება, მაშინ რატომ არ აწარმოებენ მას შტატებში? “მობილურობის ოფცია”, ღირებული აქტივია, რომლის შეფასება შესაძლებელია თანამედროვე ფინანსური მეცნიერების წყალობით…

ცნობილია 5 სტრატეგიული პრიორიტეტი, რომელთა აქცენტები უნდა დალაგდეს, სანამ საწარმოს მშენებლობას დაიწყებ: ხარისხი; თვითღირებულება; სიჩქარე; ეკოლოგიურობა; და მობილურობა. გასაგებია რომ ყველას ერთად ვერ მიიღებ, რადგან ურთიერთკონფლიქტურია, მაგრამ სწორი ბალანსის შერჩევა შესაძლებელია.

აქედან ბოლო – მობილურობა, განსაკუთრებით კრიტიკული ხდება დღეს. მობილურობა საწარმოო პროცესის შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს, როგორც წარმოების მასშტაბების ცვლილების, ასევე საწარმოო პროდუქტის, ან/და ნედლეულის ცვლილების შესაძლებლობას.

მობილურობის გაზრდა, ბუნებრივია მოითხოვს დამატებით ინვესტიციას. ამიტომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ოფციის შეფასება კონკრეტულ ციფრებში.

ვნახოთ მაგალითზე:

ცნობილია რომ ელექტრო ენერგიის წარმოება უფრო მაღალეფექტურია ატომური და ნახშირის საწარმოებით ვიდრე გაზის ტურბინებით (combustion-turbine), მაგრამ მათ მაინც აშენებენ პიკური მიწოდების დასაკმაყიფილებლად, რადგან მათი ამუშავება და გათიშვა შედარებით იაფი და მარტივი პროცესია.

ასეთი ტურბინების მუშაობის მომგებიანობა დამოკიდებულია ელ.ენერიის ფასსა და გაზის ფასებს შორის სხვაობაზე.

წლის უმეტეს პერიოდებში, გაზის ტურბინების მუშაობა წამგებიანია, მაგრამ ზოგჯერ არის პერიოდები, როცა უკიდურესად მომგებიანი ხდება და ინვესტიციას ამართლებს.

ქვემოთ ჰისტოგრამაზე მოცემულია ბრიტანეთში ელ.ენერგიის ფასების ნახევარ საათიანი შუალედების სიხშირე როგორი იყო 2013-2014 წლებში.

როგორც ხედავთ საშუალოდ მვტსთ-ის ფასი 60 ფუნტზე დაბალია, და ძირითადად 100 ფუნტზე ნაკლებია, თუმცა არის იშვიათი შემთხვევები როცა 250 ფუნტსაც კი აღემატება.

გაზის ტურბინის უკუგება 60 ფუნტის ზემოთ ხდება მომგებიანი. მეორე გრაფიკი აჩვენებს ტურბინის ჩართვით მიღებად მომგებიანობას.

შინაარსობრივად საქმე გვაქვს თანმიმდევრულ ნახევარ საათიან Call ოფციებთან (შეგიძლია ჩართო და გამორთო), რომელთა გამოთვლა შესაძებელია რადგან გვაქვს სტატისტიკური ინფორმაცია ფასების მერყეობის შესახებ… ასეთ საწარმოებში ოფციის ღირებულებას კიდევ ზრდიან იმითაც, რომ საწარმოს შეუძლია გაზის გარდა ნავთობზე მუშაობაც…

უნდა ითქვას, რომ ეს გრაფიკები ასახავენ შემთხვევას, როცა გაზის ფასები ფიქსირებულია, უფრო რეალური სურათის მისაღებად, გრაფიკი უნდა იყოს აგებული ელექტრობისა და გაზის ფასებს შორის სხვაობის სტატისტიკაზე.

პ.ს.
ჩინეთის საწარმოების უპირატესობა მდგომარეობს მათ შესაძლებლობაში აწარმოონ ნებისმიერი სმარტფონი ნებისმიერი რაოდენობით. თუ აღმოჩნდება რომ მოთხოვნა დაეცა – პრობლემა არ არის, წარმოებას შეამცირებ. ამის გაკეთება შტატებში შეუძლებელია, იმის გამო რომ ძალიან ძვირი ჯდება ინვესტიციები მობილურობაში… მობილურობას გაზრდი, თვითღირებულება გაგექცევა…

პ.პ.ს
ამ ჩანაწერით იმის თქმა მინდოდა რომ “მობილურობის ოფცია” ბიზნესისთვის არის ძალიან ღირებული აქტივი, და მისი შეფასება არსებითია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას.

ფოტოს და მოსაზრებების წყარო:
 Principles of Corporate Finance – by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers