შინაარსზე გადასვლა

Financial Markets and Institutions - by A. Saunders, M. Cornett & O. Erhemjamts

მოსალოდნელი დეფოლტის სიხშირე

ჩვენგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ კრედიტების მონიტორინგის KMV მეთოდს, იმისათვის რომ განსაზღვრონ მოსალოდნელი დეფოლტების სიხშირე (EDF- Expected Default Frequency).

მას შემდეგ რაც მერტონმა, ბლეკმა და სკულსმა (Merton, Black, Scholes), რევოლუციური მიგნებები გააკეთეს ფინანსების თეორიაში, ოფციების მათემატიკური შეფასების კუთხით, ნათელი გახდა რომ, როცა ნებისმიერი ორგანიზაცია იღებს სესხს, ის იმავდროულად ყიდულობს "დეფოლტის ოფციას"...

ანუ, თუ ბიზნესი კარგად წავიდა, შპს იხდის სესხს და დარჩენილი მოგება მისია, ხოლო თუ ბიზნესი ცუდად წავიდა მას აქვს უფლება რომ სესხი არ გადაიხადოს და კრედიტორებს აქტივები გადასცეს. სავაჭრო ოფციების მსგავსად, შპს-ს წაგების დიაპაზონი შეზღუდულია ვალდებულებით, ხოლო მოგების დიაპაზონი არა... შესაბამისად დეფოლტის რისკი პირდაპირ კავშირშია ბიზნესის აქტივების ფასის ცვალებადობასთან (Volatility)...

ეს მარტივი იდეა გამოიყენა კორპორაცია KMV-მ, იმისათვის რომ შეეფასებინა დეფოლტის რისკები და აღმოჩნდა, რომ მეთოდი უფრო უკეთესად წინასწარმეტყველებდა ვიდრე სხვა რეიტინგები (ნახეთ ფოტოზე). 2002 წელს Moody-იმ KMV შეისყიდა...


ეხლა ვნახოთ, რატომ არ იყენებენ ამ მეთოდს "ჩვენი" ბანკები?

საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ბიზნესის წაგება შეზღუდული არ არის მისი აქტივებით. სესხის აღება თუ გინდა დამფუძნებელი (წილის მფლობელი) უნდა ჩადგეს თავდებში, რომელსაც ასევე სხვა ბიზნესი და აქტივები აქვს. ამიტომ სესხის აღებისას "დეფოლტის ოფცია" არ არსებობს...

რას ვიღებთ შედეგად?

1. საბანკო სისტემა სინამდვილეში არ ფიქრობს რისკებზე სესხის გაცემისას. პირიქით, მთელი სამოტივაციო სისტემები აგებულია სესხის გაცემაზე უკიდურესად რისკიან პროექტებში. კი აქვთ ქულების სისტემები პროცენტების დასაანგარიშებლად, მაგრამ ნებისმიერი კრედიტ ოფიცერი დამემოწმება, რამდენად სტრესულ მდგომარეობაში უწევს მუშაობა იმისათვის რომ, ფართოდ დახუჭული თვალების მქონე კომიტეტზე, სესხი გააძვრინოს და გეგმა შეასრულოს. პირადობის მოწმობით გაცემულმა სესხებმა რომ ასობოთ ბანკის გაკოტრება გამოიწვია 2008 წელს შტატებსა და ევროპაში ყველას დაავიწყდა...

2. შპს. თავისი შინაარსით ქრება თუ ის სესხს იღებს. არადა, ბიზნესის განვითარების ფუნდამენტური არსია გათვლილ რისკებზე წასვლა. ამისთვის შეიქმნა შპს-ს კონცეფცია თავის დროზე, ამიტომ ასტიმულირებენ დიდი კორპორაციების მენეჯერებს ოფციებით განვითარებულ ქვეყნებში... რაციონალურ რისკზე წასვლის გარეშე ზრდა შეუძლებელია... თავდებობის ქვეშ გამოტანილი სესხი კი რაციონალური რისკის მიღმა დგას... ამიტომ საბანკო სისტემა უპირატესად "ბრიყვებს" აფინანსებს ვიდრე მოაზროვნეებს...

შეიძლება იფიქროთ რომ უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ვიცნობ რამოდენიმე წარმატებული, და არც თუ ისე პატარა, ბიზნესის CEO-ს რომელიც სესხს არ/ვერ იღებს სწორედ ამ მიზეზით... ბიზნესი ფერხდება, საბანკო სისტემა კი ყვავის...

ვფიქრობ, პირადი თავდებობის მოთხოვნის მავნე პრაქტიკა გასაუქმებელია...

პ.ს.
იქნებ რაიმე მეშლება? თუ ფიქრობთ რომ მეშლება, გთხოვთ, შემისწორეთ კომენტარებში...

იდეის წყარო:
Financial Markets and Institutions - By Anthony Saunders, Marcia Cornett and Otgo Erhemjamts

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading