აქ ვისაუბრებ Call ოფციაზე, – რაც ნიშნავს მომავალში აქციის წინასწარ განსაზღვრულ ფასად ყიდვის უფლებას.
რა განსაზღვრავს Call-ის ფასს?
1. ოფციის ფასი ზემოდან შემოსაზღვრულია (ქვემდებარე) აქციის ფასით. ბუნებრივია, შეუძლებელია ოფციის ფასმა გაასწროს აქციის ფასს;
2. ოფციის ფასი ქვემოდან შემოსაზღვრულია იმ მოგებით, რომელიც შეიძლება გაკეთდეს გამოხმობით (Exercise). ანუ თუ მისი მყისიერი გააქტიურებით შემიძლია X$-ის მიღება ბუნებრივია მისი ფასი X$-ზე ნაკლები არ იქნება;
3. როცა აქციის ფასი ნულია, ოფციის ფასიც ნულია. აქციის ფასის აწევის ალბათობა რომ არსებობდეს მაშინ მას რაიმე, თუნდაც მცირე, ღირებულება უნდა ჰქონდეს დღეს, მაგრამ რადგან ნულია ნიშნავს რომ მომავალშიც ნული იქნება (NPV=0);
4. რაც მეტია აქციის ფასი, მით მეტია ოფციის ფასიც, რადგან გამოხმობის ფასი ფიქსირებულია. ანუ, რაც უფრო მეტი მოგების დაწერაა შესაძლებელი გამოხმობით მით მეტია ოფციის ფასი;
5. რაც უფრო იზრდება აქციის ფასი, მით უფრო უახლოვდება ოფციის ფასი გამოხმობით მიღებად მოგებას (აღემატება, მაგრამ უახლოვდება). უფრო ზუსტად: უახლოვდება აქციის ფასს გამოკლებული გამოხმობის ფასის NPV-ს.
ანუ, რაც უფრო იზრდება აქციის ფასი მით უფრო იზრდება მისი გამოხმობის ალბათობა, რადგან იმის ალბათობა რომ კიდევ უფრო გაიზრდება აქციის ფასი მცირდება, – თუმცა მაინც რჩება;
მნიშვნელოვანია გვესმოდეს რატომ ვსაუბრობთ გამოხმობის ფასის NPV-ზე? დავუშვათ, რომ ოფცია არ არსებობს როგორც ფასიანი ქაღალდი, რომლის გაყიდვაც შეგიძლიათ. ამიტომ თქვენ უბრალოდ კონტრაქტი გააფორმეთ, რომელმაც მოგცათ აქციის წინასწარ განსაზღვრულ X$-ად გამოსყიდვის უფლება. შესაბამისად, დრო რომ დადგება, თქვენ უნდა გქონდეთ ანგარიშზე X$, რომ უფლება გამოიყენოთ. ამიტომ X-ის PV უნდა განათავსოთ ახლავე დეპოზიტზე, რომ მომავალში პროცენტი დაემატოს და X$ გქონდეთ.
აქედან ვიღებთ დამატებით 2 მნიშვნელოვან დასკვნას:
– რაც მაღალია ურისკო საპროცენტო განაკვეთის დონე, მითი მეტია ოფციის ფასი;
– რაც მეტია პერიოდი ოფციის გამოხმობის ბოლო ვადამდე, მით მეტია ოფციის ფასი;
6. ოფციის ფასის მინიმალური ღირებულება მის ქვედა ზღვარს, ანუ მყისიერი გამოხმობით მიღებად მოგებას, ყოველთვის აღემატება – რადგან არსებობს აქციის ფასის კიდევ უფრო გაზრდის ალბათობა.
ანუ, მოგება ზემოდან შემოსაზღვრული არ არის, მაშინ როცა წაგება შემოსაზღვრულია გამოხმობის ფასით. შესაბამისად ალბათური ნეტო ეფექტი ყოველთვის დადებითია. აქედან გამომდინარეობს შემდეგი მშნივნელოვანი დასკვნა:
7. რაც უფრო მაღალია აქციის ფასის მერყეობა, მით მეტია ოფციის ღირებულება, რადგან მით მეტი დამატებითი მოგების შანსია…
წყარო:
Principles of Corporate Finance – by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers
