მოგება-ზარალის უწყისის და შესაბამისად ფულადი ნაკადების პროგნოზირებისას ჩვენ ვხდებით ისეთ ხარჯებს რომლებიც ოპერაციებთან პირდაპირ კავშირში არ არის, იშვიათად ხდება და კორელაციაში არ არის სხვა მუხლებთან.
ასეთი ხარჯებია მაგალითად, რესტრუქტურიზაციის, გუდვილის ჩამოწერის, მსხვილი სასამართლო დავის…
ტრადიციული მიდგომით ასეთი ხარჯები წარსულს უნდა მივაკუთვნოთ და მათი იგნორირება უნდა მოვახდინოთ. მეორეს მხრივ, ლოგიკურია რომ ასეთ ხარჯებს აქვთ პროგნოზირებადი კომპონენტიც. ამიტომ, კვალიფიციური შეფასებისთვის საჭიროა დეტალებში ჩასვლა. რამოდენიმეს განვიხილავ:
- შესყიდული არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია:
აქ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ როცა ორგანიზაცია შინაგანად იზრდება მისი არამატერიალური აქტივების კაპიტალიზაცია არ ხდება, მაგრამ შერწყმა-შესყიდვისას სავალდებულოა იდენტიფიცირებადი არამატერიალური აქტივების კაპიტალიზაცია და მათი ამორტიზაცია. ამასთან ჩვენ ხშირად გვჭირდება ორგანიზაციების შედარება და შედარებისას საერთოდ არ აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა შერწყმით გაიზარდა თუ ორგანულად;
ასევე, კაპიტალიზირებულ არამატერიალურ აქტივს (მაგ, სავაჭრო ნიშანს, მომხმარებლების სიას) ჭირდება მუდმივი მხარდაჭერა მარკეტინგული ხარჯებით, რომელიც საოპეარციო მოგების დათვლისას უკვე გათვალისწინებულია, ამიტომ კიდევ ამორტიზაციის ხარჯების დამატება ორმაგ დამძიმებას იწვევს. შესადარებლად, – მატერიალური აქტივის შემთხვევაში CapEx-ი არ შედის საოპერაციო ხარჯებში, ამიტომ აქ ცვეთის დარიცხვა ლოგიკურია.
შესაბამისად, არამატერიალური აქტივების ამორტიზაციას უნდა მივუდგეთ როგორც არასაოპერაციო ხარჯს, რაც ნიშნავს რომ NOPAT-ის დათვლა უნდა მოხდეს EBITA-დან, და არა EBIT-დან, ხოლო რეორგანიზირებულ ბალანსში ბუღალტრულად ამორტიზირებული ნაწილით უნდა გაიზარდოს არამატერიალური აქტივების მუხლი, და მისი დაბალანსება მოხდეს საკუთარი კაპიტალის ექვივალენტი მუხლით, რომელსაც “აკუმულირებული ამორტიზაცია” ერქმევა.
შენიშნვა: ზოგიერთი არამატერიალური აქტივი უფრო მატერიალურს გავს არსით და მის ამორტიზაციასთან მიდგომა საჭიროა როგორც საოპერაციო ხარჯებთან. მაგალითად, საკაბელო ტელევიზიის ვადიანი ლიცენზია შემგომ მარკეტინგულ მხარდაჭერას არ საჭიროებს და ამასთან დასრულებადია დროში.
- მატერიალური აქტივების ჩამოწერა
თუ აქტივების ჩამოწერა ძალიან იშვიათი შემხვევის შედეგია, მაშინ შეგვიძლია მივუდგეთ როგორც არასაოპერაციოს და იგნორირება გავუკეთოთ, ხოლო თუ განმეორებითია და ბიზნესისთვის დამახასიათებელი, მაშინ ის კორელაციაში იქნება ან მოგება-ზარალის ან ბალანსის მუხლებთან და მისი ჩვეულებრივი პროგნიზირება უნდა მოვახდინოთ;
- გუდვილის ჩამოწერა
გუდვილს უნდა მივუდგეთ როგორც არასაოპერაციო აქტივს, და დავაკორექტიროთ რეორგანიზირებული ანგარიშები ზუსტად ისე როგორც არამატერიალური აქტივების შემთხვევაში არის.
- რესტრუქტურიზაციის ხარჯები და სასამართლო დავები
აქაც გააჩნია, იშვიათ შემთხვევებთან გვაქვს საქმე თუ ოპერაციებისთვის დამახასიათებელ განმეორებით მოვლენასთან. მაგალითად, სამართლებრივი დავები ჩვეულებრივი მოვლენაა სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
- ამორტიზირებული აქტივების რეალიზაცია
ამორტიზირებული აქტივების რეალიზაციიდან გენერირებული მოგება და ზარალი არასაოპერაციო ხასიათისაა. აქ მნიშვნელოვანია იმის დანახვა რომელი აქტივი მონაწილეობს საოპერაციო ფულის გენერაციაში და როგორ. დუბლირების შეცდომას უშვებენ როცა აქტივის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალსაც აპროგნოზირებენ და ამ აქტივისგან გენერირებულ შემოსავალსაც. ასევე ყურადღებიდან რჩებათ ხოლმე, რომ აქტივის გაყიდვის პროგნოზირება ამორტიზაციის ხარჯებს ამცირებს.

You must be logged in to post a comment.