შინაარსზე გადასვლა

Behavioral Finance

რა ტიპის ინვესტორი ხართ?

ბენჯამინ გრეჰემის „ჭკვიანი ინვესტორის" პირველი თავი ძალიან საინტერესოდ აღწერს რა არის საერთოდ ინვესტირება და როგორი აზროვნებით უნდა მივუდგეთ მას.

  1. ინვესტირება ≠ სპეკულაცია. გრეჰემისთვის განსხვავება ის კი არ არის, ყიდულობ აქციას თუ ობლიგაციას. განსხვავება არის როგორ იღებ გადაწყვეტილებას. ინვესტირებას სამი ელემენტი უნდა ჰქონდეს: საფუძვლიანი ანალიზი, ძირითადი კაპიტალის გონივრული დაცვა და დამაკმაყოფილებელი — არა აუცილებლად უზარმაზარი — მოსალოდნელი შემოსავალი. თუ ამათგან რომელიმე აკლია, უკვე სპეკულაციური კომპონენტი ჩნდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა: იგივე აქცია ერთ ფასად შეიძლება ინვესტირება იყოს და სხვა ფასად — სპეკულაცია.
  2. სპეკულაცია თავისთავად „ცუდი“ არ არის — საშიშია, როცა მას ინვესტირებას ეძახი. გრეჰემს სპეკულაციასთან მორალური პრობლემა არ აქვს. მისი გაფრთხილებები პრაქტიკულია: არ იფიქრო, რომ ინვესტირებ, როცა სინამდვილეში სპეკულირებ; ნუ სპეკულირებ სერიოზული თანხით, თუ შესაბამისი ცოდნა და უნარი არ გაქვს; და ნუ გარისკავ იმაზე მეტს, ვიდრე დაკარგვა შეგიძლია. პრაქტიკული დასკვნაა, რომ სპეკულაციური კაპიტალი საინვესტიციო კაპიტალისგან განცალკევებული უნდა იყოს.
  3. გრეჰემი განასხვავებს Defensive და Enterprising ინვესტორს. ეს ინვესტორები ძირითადად რისკის სიყვარულით კი არა, იმით განსხვავდებიან, რამდენი ძალისხმევის ჩადება სურთ და შეუძლიათ. Defensive ინვესტორს უნდა სერიოზული შეცდომების თავიდან აცილება, სიმარტივე და პროცესისთვის შედარებით ცოტა დროის დათმობა. Enterprising ინვესტორი კი მზადაა მეტი დრო, კვლევა და დისციპლინა ჩადოს იმისთვის, რომ საშუალოზე უკეთესი შედეგის პოტენციალის მქონე შესაძლებლობები იპოვოს. უფრო მაღალი შემოსავალი ავტომატურად მეტი რისკის აღებით კი არა, მეტი — და უფრო გონივრული — ძალისხმევით უნდა მიიღებოდეს.

ბოლოს რომ შევაჯამოთ, საფონდო ბირჟაზე საინვესტიციო საქმიანობისას მთავარი კითხვა ის კი არ არის „რომელი აქცია უნდა ვიყიდო?“ არამედ:

„რამდენ დროს, ცოდნას და ყურადღებას ვდებ ამ პროცესში — და შეესაბამება თუ არა ჩემი მოგების მოლოდინები ჩემს ძალისხმევას?“

თუ ინდივიდუალურ კომპანიებს თითქმის არ იკვლევ, მაგრამ ბაზრის საშუალოზე ბევრად უკეთეს შედეგს ელოდები, შეიძლება Enterprising ინვესტორი კი არა, უბრალოდ სპეკულანტი იყო.

ადაპტირებულია წყაროდან:
ბენჯამინ გრეჰემი — „ჭკვიანი ინვესტორის"

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading